-
-
მისხალი ერთგულება
რომანი `მისხალი ერთგულება~ მოგვითხრობს ჩაუშესკუს დიქტატურის პერიოდში სიმდიდრისკენ დაუოკებელი ლტოლვით შეპყრობილი მამაკაცის ამბავს, რომელიც საყვარელ ქალს მილიონების შოვნას ანაცვალებს. იანკუ – გაზულუქებული და ჯიბესავსე სასტიკი საქმოსანი; აკილინა, ულამაზესი ახალგაზრდა ქალი, დაუცველი, მაგრამ ამაყი და მებრძოლი, და იტალიელი ბიზნესმენი, რომელიც ნავთობისა და დოლარების მორევში ადამიანობის, სულიერების შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა ის გარემოებათა ტყვეა, იმასაც აღიარებს, რომ ეს მისი ცხოვრებაა, რომელიც განუსაზღვრელი შესაძლებლობების კარს უხსნის. ფული მისთვის ყველაფრის გასაღებია, ყველა დაბრკოლების გადალახვის, ცხოვრებით ტკბობის საშუალება და ამისთვის ბევრი რამის დათმობა უწევს, უპირველესად კი სიყვარულის. დიახ, ეს არის კომპრომისებით აღსავსე ცხოვრება, ბოროტებასა და ძალადობასთან შეგუება, მაგრამ მას სულში მაინც დარჩა სუსტად მოკიაფე წერტილი _ მისხალი ერთგულება, რომელმაც მაშინ იხსნა, როცა არ ელოდა.
-
როგორ გავძარცვოთ შვეიცარიული ბანკი
„როგორ გავძარცვოთ შვეიცარიული ბანკი“ დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებია. მასში ავტორი ოსტატურად აღწერს სოციალური სინამდვილის ამსახველ მოვლენებსა და ხაზს უსვამს შვეიცარიის საბანკო სისტემისადმი ადამიანების პატივისცემას. როგორ ხდება წარსულში მძარცველის, კერძო დეტექტივისა და ზოგიერთი დილეტანტის ჩართვა შვეიცარიული ბანკის ყველაზე დახვეწილი ძარცვის პროექტში? გეგმა შესაშური დახვეწილობით სრულდება, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, შვეიცარიული ბანკი მაინც რჩება კარგად შექმნილი და დაცული სტრუქტურის სინონიმად.
-
ჩემი ქმარი
60-იანი წლები იტალიაში, ისე როგორც სხვა დასავლურ კულტურებში, დიდი სოციალური ცვლილებებით აღინიშნება.
დაჩა მარაინი მოთხრობათა კრებულში „ჩემი ქმარი“ საუბრობს დიდი ქალაქების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, განსაკუთრებული ტკივილით გადმოსცემს მშრომელი ადამიანების ყოფა-ცხოვრებისა და იმედგაცრუების ეპიზოდებს, აღწერს ფაბრიკა-ქარხნებში მუშათა ჩაგვრის დეტალებს, ასახავს ქალების მღელვარე სასიყვარულო ამბებსა და ნგრევის პირას მისულ ოჯახურ ურთიერთობებს. მარაინის პერსონაჟები თავიანთი ცხოვრებით ხშირად უკმაყოფილონი არიან, მაგრამ უკეთესი მომავლის იმედს მაინც არ ჰკარგავენ და მის მისაღწევად განუწყვეტლივ იბრძვიან.
„ჩემი ქმარი“ არაჩვეულებრივი ოსტატობითა და პოეტურობით, ცოცხალი და ხუმრობანარევი მეტყველებით ზუსტად ასახავს გასული საუკუნის 60-იანი წლების იტალიურ ცხოვრებას.